ჩვენი ახალგაზრდები ცხოვრობენ მსოფლიოში, რომელიც კომპლექსური პრობლემების წინაშეა და მათ, ყველა შემთხვევაში მოუწევთ ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი და ზრუნვა. სერიოზული საკითხების გადაჭრა კი მხოლოდ ცალკეული ინდივიდის მიერ დაუძლეველი ამოცანაა. ცხადია, ჩვენს მოსწავლეებს მომავალში მოუწევთ გუნდური თანამშრომლობა, მათ შორის, საერთაშორისო, მულტიკულტურულ გარემოშიც.
ყველა რესურსში, რაც კი ჩვენი პროექტის ფარგლებში მომზადდა, ხაზგასმით არის აღნიშნული წყლის რესურსებთან და ზოგადად გარემოსთან, კლიმატის ცვლილებებთა დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისას ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა. ჩვენ აღვნიშნავდით, რომ თანამშრომლობა აუცილებელია ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის, როგორც ქვეყნის, ასევე გლობალური მასშტაბით. მაგალითად, როცა ტრანსასაზღვრო მდინარის რესურსის მართვა იგეგმება და ხორციელდება, აუცილებელია ყველა იმ ქვეყნის ჩართვა, რომელიც ამ მდინარის აუზის ტერიტორიაზე მდებარეობს. ასევე, არაეფექტურია, სხვადასხვა სექტორი ცალცალკე გეგმავს ერთი და იმავე წყლის რესურსის ათვისებას. და, ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ეკოსისტემების ინტერესების გათვალისწინება, რომელიც ამ წყლით ფუნქციონირებს.
შერჩეული ხუთვე თემა იძლევა თანამშრომლობითი პროექტების განხორციელების უნიკალურ შესაძლებლობას, როგორც ერთი კლასის, ასევე სკოლის სხვადასხვა საფეხურებს, სხვადასხვა სკოლებს, სკოლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებსა და სხვა ქვეყნების სკოლის მოსწავლეებთან ერთად. შეგვიძლია სკოლიდანვე დავიწყოთ და გამოვუმუშავოთ ის საბაზისო უნარები, რაც ეფექტურ თანამშრომლობაში გამოადგებათ.