ძალიან ხშირად ჩვენს სკოლებში ვიყენებთ სასწავლო აქტივობის იმგვარ ფორმებს, რომლებიც ითხოვს ინფორმაციის მოძიებას და მის პრეზენტირებას. ამ ტიპის დავალებებს „კვლევას“ ვუწოდებთ ხოლმე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ უბრალოდ ინფორმაციის შეგროვება და ტექსტის ან პრეზენტაციის მომზადება მოძიებული ინფორმაციის შესახებ არის არა კვლევა და ცოდნის კონსტრუირება, არამედ არსებული ცოდნის / ინფორმაციის მოგროვება.
ცოდნის კონსტრუირება რეალურად იგივეა, რაც „კრიტიკული აზროვნება“. ცოდნის კონსტრუირება მაშინ ხდება, როცა მოსწავლეები იმის გარდა, რომ ააქტიურებენ უკვე ნასწავლს, მას ახლებურად გადაიაზრებენ და ახალ იდეებზე ფიქრობენ.
ცოდნის კონსტრუირება გულისხმობს ინფორმაციის ან იდეების ინტერპრეტაციას, ანალიზს, სინთეზს ან შეფასებას.
- ინტერპრეტაციაა პირდაპირი მნიშვნელობის მიღმა აზრის დანახვა. მაგალითად, მოსწავლეებმა შეიძლება წაიკითხონ წყლის დაბინძურების შესახებ მოსახლეობის ზოგადი წარმოდგენები და ივარაუდონ, რა შეიძლება განაპირობებდეს მათ ამგვარ ხედვას (რატომ ფიქრობენ ასე?).
- ანალიზი ერთი მთლიანობის შემადგენელი ნაწილების იდენტიფიცირება და მათ შორის ურთიერთკავშირის დადგენის პროცესია. მაგალითად, მოსწავლეებმა შეიძლება გამოიკვლიონ მათ გარშემო გარემოს დაბინძურების ფაქტორები და დაადგინონ, რომელი მათგანი და როგორ განაპირობებს წყლის დაბინძურებას და საბოლოო ჯამში წყლის დეფიციტს.
- სინთეზი ორი ან მეტი იდეის კავშირების დადგენას გულისხმობს. მაგალითად, მოსწავლეებმა შეიძლება ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა ქვეყნის მიდგომა წყლის კონსერვაციის მიმართულებით.
შეფასება არის მონაცემების, იდეების, მოვლენების ხარისხის, სანდოობისა და მნიშვნელობის გასაზღვრა. მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურების შესახებ მოსწავლეებს შეუძლიათ წაიკითხონ რამდენიმე განსხვავებული მიდგომის შესახებ მასალები და დაასაბუთონ, რომელია მათ შორის ყველაზე სანდო.