მენიუ დახურვა

[EV0103] რეალური პრობლემის გადაჭრის უნარი

ღია

წყლის რესურსებთან დაკავშირებული ყველა საკითხი თითოეულ ჩვენგან ეხება, თითოეული ჩვენგანის ყოველდიურობაა. კლიმატური ცვლილებები, წყლის ხარისხის გაუარესება თუ რესურსების ნაკლებობა ის პრობლემებია, რომელთა მოგვარებაზე ფიქრი და ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რეალური პრობლემებისთვის გადაწყვეტის მოძიებისა და ინოვაციურობისთვის საჭირო უნარები ჩვენს მოსწავლეებს სკოლიდანვე შეგვიძლია განვუვითაროთ. 

რა გვჭირდება ამისათვის?

  1. მასწავლებლები გეგმავენ სცენარს, რომელიც რეალურ კონტექსტზეა დაფუძნებული და მოსწავლეებისგან ინოვაციურობას მოითხოვს
  2. მოსწავლეები შეისწავლიან პრობლემას და ქმნიან პრობლემის გადაწყვეტას
  3. მოსწავლეები ნერგავენ ამ გადაწყვეტას
  4. გადაწყვეტაზე მუშაობის პროცესში მათ აქვთ კომუნიკაცია კლასის მიღმა აუდიტორიასთან, როგორც კვლევის, ასევე გადაწყვეტის განხილვისა და დანერგვის ეტაპებზე.

მაგალითად, შეთავაზებული სცენარი შეიძლება იყოს ამგვარი: მოსწავლეებს ვთხოვთ მათ თემში, უბანში, სკოლაში, სამეზობლოში არსებული წყლის დაბინძურების პრობლემის შესწავლას. ისინი შეაგროვებენ მონაცემების პრობლემის გამომწვევი ფაქტორებისა და შედეგების იდენტიფიცირებისთვის და მოიფიქრებენ გადაწყვეტის გზებს. თუ წყლის დაბინძურებას იწვევს მდინარის პირას თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელი, პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ მოსახლეობას სპეციალურად მოწყობილი ადგილი ნაგვის განსათავსებლად არც კი ჰქონდეს. გადაწყვეტა კი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ამ ნაგვის დასუფთავების ორგანიზება, არამედ მოსახლეობისთვის ხელსაყრელ ადგილას ნაგვის ურნების განთავსება და მუნიციპალიტეტისთვის ნაგვის რეგულარული გატანის დაორგანიზების მოთხოვნა. მათ შეუძლიათ რეალურად განახორციელონ კიდეც შემუშავებული გადაწყვეტა. ამ პროცესში მოსწავლეებს უწევთ ურთიერთობა კლასის მიღმა, როგორც თემის წარმომადგენლებთან, ასევე ექსპერტებთან, საჯარო პირებთან და სხვა.

პრობლემა რეალურია და ჯერ გადაუჭრელი. ამგვარად მოსწავლეებს აქვთ კონკრეტული სიტუაცია, კონკრეტული კონტექსტი და პრობლემის გადასაჭრელად უწევთ რეალური მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტა საბოლოოდ კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიასთან წარსადგენად მზადდება და ამგვარად ისინი თავიდანვე სწავლობენ სკოლის მიღმა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციასა და პასუხისმგებლობის გაზიარებას.

უკან:წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლება – კურსი მასწავლებლებისთვის > სასწავლო პროექტის მეთოდოლოგია