საკითხის შესახებ
წყლის განაწილება დედამიწაზე
ადამიანს წვდომა აქვს დედამიწის წყლის 1%-ზე. მტკნარი წყალი ცოტაა, ძირითადი ნაწილია მლაშე წყალი, რომელიც გამოუყენებელია ადამიანისთვის. მტკნარი წყლის სახით არსებული წყლის რესურსების აბსოლუტური უმრავლესობა კონცენტრირებულია მყინვარებში, განსაკუთრებით კი ზეწრულ მყინვარებში, რომლებიც ანტარქტიდაში და არქტიკაშია წარმოდგენილი. დიდი ნაწილი ასევე არის ღრმა მიწისქვეშა წყლების სახით, რომელიც ხელმიუწვდომელია ადამიანისთვის. საბოლოოდ ხელმისაწვდომია მხოლოდ ზედაპირული წყლები და მიწისქვეშა, შედარებით არაღრმა – ზედა ფენებში არსებული წყალი, რაც ძალიან მცირე პროცენტია დედამიწის მთლიანი წყლის რესურსების.
წყლის გამოყენების სხვადასხვა ტიპები
დღესდღეობით, ჩვენი ცხოვრების ყველა კომპონენტი წყალზეა დამოკიდებული. ის გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ, რითაც ვიკვებებით, რა ნივთებსაც ვიყენებთ, ყველაფრის შესაქმნელად და ფუნქციონირებისთვის წყალია საჭირო. მაგალითად, ელექტროენერგია, რომელსაც მოვიხმართ, ძირითადად წყლის რესურსით მოიპოვება. შესაბამისად, ენერგეტიკის სექტორისთვის წყალი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ასევე, დიდი რაოდენობით წყლის რესურსი სჭირდება მეტალურგიას, ქაღალდის წარმოებას, სოფლის მეურნეობის სექტორს. კომპიუტერული მიკროსქემებიც კი ვერ იწარმოება წყლის გარეშე. ადამიანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად წყალი გადამწყვეტია, მასზეა დამოკიდებული ჰიგიენის დაცვა, რეკრეაცია, წამლების წარმოება და ა.შ. საწყლოსნო ტრანსპორტირება ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა საერთაშორისო ტვირთების გადასაზიდად.
პლანეტის წყლის რესურსები
პლანეტის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწის 71% წყალს უკავია მდინარეების, ტბების, ზღვების, ოკეანეების, ჭაობების, ყინულოვანი თუ თოვლის საფარის სახით. თუმცა, ერთი შეხედვით, წყლის ამგვარი სიუხვე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრი წყალი გვაქვს. რეალურად ჩვენთვის სასარგებლო წყლის რესურსი ძალიან ცოტაა. მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება იყოს აფრიკის ოკეანისპირა ტერიტორიები, სადაც თითქოს წყალი, როგორც სუბსტანცია კი ბევრია, მაგრამ ადამიანისთვის ხელმისაწვდომი წყალი ნაკლებია და, შესაბამისად, დიდი დეფიციტია. უფრო კონკრეტული მაგალითია საჰარის უდაბნო, რომელიც ოკეანის სანაპიროზე კი გამოდის, მაგრამ მაინც უწყლო და ერთ-ერთი ყველაზე მშრალი უდაბნოა.
წყალი, როგორც ეკონომიკური პროდუქტი
ჩვენი წარმოდგენა, რომ წყალი ბუნებისგან გვაქვს ბოძებული და სწორედ ამიტომაც უფასოა, არ არის ზუსტი. რეალურად, წყალი, რომელსაც სხვადასხვა საჭიროებისთვის ვიყენებთ, ეკონომიკური პროდუქციაა. ჩვენ რომ სადღაც არსებული წყალი სახლებში გამოვიყენოთ, ამისათვის გვჭირდება კომპლექსური ინფრასტრუქტურა, რომელიც გულისხმობს, როგორც წყლის დაგროვებისა და მიწოდებისათვის საჭირო ნაგებობსა და გაყვანილობას, ასევე წყლის ხარისხის უზრუნველყოფას და შესაბამის სერვისებს. ლოგიკურია, რომ ამ ტიპის სერვისში ჩვენ ფული გადავიხადოთ. თუმცა, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც წყალს პირდაპირ ვიღებთ, რაიმე დამატებითი ინფრასტრუქტურის გარეშე, მაგალითდ, მდინარის, ტბის, წყაროს, ჭის და სხვა სახით? შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ სახით გამოყენებული წყალი უფასოა? საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ეს წყალი კონკრეტული ეკოსისტემის მდგრადობის შედეგად გვაქვს და ამ ეკოსისტემას მოვლა, ზრუნვა, შენარჩუნება სჭირდება. შესაბამისად, აქაც ლოგიკურია თანხის გადახდა.
და ბოლოს, მართალია, წყალი ეკონომიკური პროდუქტია, მაგრამ ვინაიდან ის სიცოცხლის განმსაზღვრელი ფაქტორია, ჩვენი მიდგომა არ შეიძლება იყოს იგივე, რაც სხვა ბუნებრივი რესურსების მიმართ გვაქვს. მაგალითად, ტყის, რკინის, ბუნებრივი აირის გარეშე თეორიულად შესაძლებელია სიცოცხლის შენარჩუნება, წყლის გარეშე კი ეს გამორიცხულია.
წყალზე ხელმისაწვდომობა, როგორც ფუნდამენტური უფლება
ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა ჰქონდეს ადეკვატური რაოდენობის და ადეკვატური ხარისხის წყალზე ხელმისაწვდომობა. სასმელ წყალზე და სანიტანიაზე წვდომა გაერთიანებული ერების მიერ აღიარებულია როგორც ადმიანის ფუნდამენტური უფლება. თავის მხრივ, სასმელ წყალზე და სანიტარიაზე წვდომის უფლება აგრეთვე უმნიშვნელოვანესია ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების განხორციელებისათვის. უპირველესად კი ღირსეული სიცოცხლის უფლების სრულფასოვანი რეალიზაციისთვის.
მოსწავლეებისთვის საინტერესო ფაქტები
- წყლის მოხმარების მოცულობასთან დაკავშირებით გვაქვს, მაგალითად, ასეთი მონაცემები: ევროპის მოწინავე ქვეყნებში, ერთ მოსახლეზე წყლის ყოველდღიური ხარჯი 200 ლიტრია. თბილისში, ერთი მოსახლე დღეში საშუალოდ 400 ლიტრი წყალს ხარჯავს, ხოლო საკუთარი სახლისა და ეზოს მფლობელი მოსახლე 1000 ლიტრს.
- წყლის სიმწირე გარკვეულწილად სიღარიბესაც განაპირობებს. თუ ხელი არ მიგვიწვდება საკმარისი რაოდენობის წყალზე, მაშინ ვერ ვავითარებთ წარმოებას, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვის ხარისხიან სისტემებს. თუ წყლის მიღებაზე დიდი ინვესტიციის გაწევა გვჭირდება, შეიძლება სხვა სექტორები დაფინანსების გარეშე დაგვრჩეს და ა.შ.
- მსოფლიო ტვირთების უდიდესი ნაწილის ტრანსპორტირება ტანკერებითა და კონტეინერმზიდებით ხდება მდინარეების, ზღვების და ოკეანეებს. საწყლოსნო გადაზიდვები დღესდღეობით ყველაზე იაფია, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვებთან შედარებით.
კონკრეტული პრობლემები
წყლის დეფიციტი
UN-Water-ის მიხედვით 2 მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, რომლებიც განიცდიან წყალზე მაღალ ზეწოლას, 2040 წლისთვის ყოველი მეოთხე ბავშვი (ჯამურად 600 მლნ) იცხოვრებს რეგიონებში, სადაც წყლის დეფიციტი იქნება. ამჟამად, დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი (ჯამურად 4 მილიარდი ადამიანი) ცხოვრობს იმ ტერიტორიებზე, სადაც წელიწადში ერთი თვის მანძილზე მაინც არის წყლის ნაკლებობა.
წყლის დეფიციტი საქართველოს ზოგიერთ მხარეშიც არის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში.
წყლის ჯამური რაოდენობა დედამიწაზე არ იკლებს, მაგრამ იცვლება გადანაწილება. შეიძლება ნალექი ერთბაშად მოვიდეს, იმის ნაცვლად, რომ გარკვეულ პერიოდზე იყოს გადანაწილებული. ასევე, დედამიწის გარკვეულ ტერიტორიებზე შეიძლება დამაზიანებლად ბევრი ნალექი იყოს და სხვა ტერიტორია გაუდაბნოების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
წყლის დაბინძურება
დაბინძურების პრობლემაც ადამიანისთვის გამოყენებადი წყლის რაოდენობის შემცირებას გულისხმობს. პრობლემის მასშტაბი საკმაოდ ფართოა, მაგალითად, დედამიწაზე დაახლოებით 700 მილიონი ადამიანი დაბინძურებულ სასმელ წყალს მოიხმარს. Food & Water Watch-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2025 წლისთვის დაახლოებით 3.5 მილიარდ ადამიანს წყლის სიმცირის პრობლემა ექნება. ეს, ძირითადად, წყლის დაბინძურებით იქნება გამოწვეული, რადგან წყლის რესურსების დაბინძურების ტემპი სულ უფრო და უფრო მატულობს.
ჯანდაცვა და სუფთა წყალი
წყლის არარაციონალური გამოყენება და მისი დაბინძურება, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთანაა დაკავშირებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემების თანახმად, დაახლოებით 2.5 მილიარდ ადამიანს არა აქვს სათანადო სანიტარიული პირობები. ამას გარდა, დაბინძურებული წყალი იწვევს სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის, რთულად განსაკურნებელ დაავადებებსაც – დიარეა, ქოლერა და სხვ.
გამოსავალი
წყლის რესურსების დაცვა/შენარჩუნება, როგორც დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი
ამ ეტაპზე წყლის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გზაა წყლის რესურსების დაცვა და შენარჩუნება. ცხადია, რომ, რაც უფრო შემცირდება წყლის დაბინძურების პროცესი და რაც უფრო მეტად ეფექტური იქნება სუფთა წყლის მოხმარება, მით უფრო მეტი ადამიანი იქნება სუფთა წყლით უზრუნველყოფილი.
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიას ქმნიან და ნერგავენ ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: სოფლის მეურნეობა, წარმოება, საყოფაცხოვრებო ყოველდღიურობა და ა.შ.
ეფექტური წყალსარგებლობა
ადამიანს სჭირდება წყალი იმისათვის, რომ ჰიგიენურ, სუფთა გარემოში იცხოვროს, იყოს ჯანმრთელი, ჰქონდეს საკმარისი ენერგორესურსები და გარემო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. წყლის ნაკლები მოხმარება ნიშნავს არა რაღაც აქტივობებზე უარის თქმას, არამედ იგივე აქტივობების ნაკლები წყლით შესრულებას. ამისათვის კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები შეგვიძლია გამოვიყენოთ.
წყლის დაზოგვის სხვადასხვა მეთოდები
საყოფაცხოვრებო ყოველდღიურობაში წყლის დაზოგვის მეთოდებია, მაგალითად, ხარჯეფექტური სარეცხი მანქანები, თვითჩამკეტი ონკანები, გამართული წყალგაყვანილობა (წყლის გაჟონვისა და წყლის უწყვეტი ნაკადის გარეშე), მრიცხველების კეთილგონიერი სისტემა და სხვ. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს საოჯახო პირობებში გამოსაყენებელ ქიმურ საშუალებებს – კარგი იქნება თუ გამოყენებული იქნება სპეციალური – გარემოსადმი მეგობრული საშუალებები, რის შესახებაც ინფორმაცია, როგორც წესი მწარმოებელს აქვს დატანილი შეფუთვაზე.
სოფლის მეურნეობაში შესაძლებელია, მაგალითად, ტრადიციული ნაკადით რწყვის ჩანაცვლება წვეთოვანი სისტემით, რომელიც გაცილებით ნაკლები წყლით გვაძლევს სასურველ შედეგს. ასევე მნიშვნელოვანია, ნარგავებისთვის აუცილებელი ქიმიური ნივთიერებების კეთილგონივრული გამოყენება – გარემოსთვის უვნებელი მასალის შერჩევა და სპეციალისტების მიერ რეკომენდებული რაოდენობით გამოყენება.
ქარხნებში და საწარმოებშიც იყენებენ წყლის დამზოგავ ტექნოლოგიებს, მათ შორისაა, ე.წ. ჩაკეტილი ციკლები, როდესაც ერთი და იგივე წყლის გამოყენება ხდება მისი დაგროვებისა და გაფილტრვის გზით.
წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაბამისად განთავსება, რათა არ მოხდეს მათი გარემოში მიმოფანტვა, ასევე საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება, გამწმენდი ნაგებობებისა და შესაბამისი პროცესების დანერგვა და სხვ.
საკითხები, რომლებზეც შეგიძლიათ იმუშაოთ მოსწავლეებთან ერთად
- არალის ზღვის მაგალითის ანალიზი (შესაძლებელია მოსწავლეების კვლევითი უნარების გასავითარებლად იყოს გამოყენებული)
- წყლის დაზოგვის შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში
- წყლის ანაბეჭდის გამოთვლა (სხვადასხვა ვებპლატფორმის საშუალებით თითოეულ ადამიანს შეუძლია გამოთვალოს საკუთარი წყლის ანაბეჭდი: ამისათვის მან უნდა მიუთითოს სხვადასხვა ინფორმაცია და მიიღებს ავტომატურად გამოთვლილ ანაბეჭდს)