მენიუ დახურვა

[EV0503] დავალება: პროექტის იდეა, დაგეგმვა და განხორციელება

ღია

კურსის ეს ნაწილი ყველაზე გრძელვადიანია და ეთმობა თქვენ მიერ სასწავლო აქტივობის საკუთარ კლასში განხორციელებას. ვიდეო ანიმაციების და/ან ბროშურების გამოყენებით დაგეგმეთ სასწავლო პროექტი ან კომპლექსური დავალება და განახორციელეთ იგი კლასთან. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით ამ კურსის შემდეგ გაკვეთილზე, სადაც უნდა შეავსოთ თვით-რეფლექსიის კითვარი.

წყლის და ეკოლოგიის თემაზე თემაზე სანიმუშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დავალებები.

დავალება III-V კლასებისთვის

  • გაიხსენე სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელთაც ბუნებისგან იღებს ადამიანი. დაფიქრდი, რით შეიძლება უკავშირდებოდეს წყალს შენ მიერ მოფიქრებული სარგებელი; 
  • გაიხსენე წყლის უყაირათოდ (არარაციონალურად) გამოყენების მაგალითები იქ, სადაც შენ ცხოვრობ. კლასში მეგობრებსა და მასწავლებელთან ერთად განიხილე, თუ როგორ იხარჯება წყალი უყაირათოდ და რა გზით არის შესაძლებელი ამის თავიდან აცილება.

დავალება VI-VIII კლასებისთვის

  • მოიფიქრე ეკოსისტემური სერვისების მაგალითები – ის სარგებელი, რომელსაც ადამიანი იღებს ბუნებისაგან. ეცადე მოახდინო ამ სარგებლის კლასიფიკაცია, საჭიროების შემთხვევაში დაიხმარე მასწავლებელი. 
  • იმსჯელე, რა გავლენას ახდენს წყლის დაბინძურება ადამიანის ან ეკოსისტემებისთვის წყლის ხელმისაწვდომობაზე.

 

დავალება IX-XI კლასებისთვის

კლასი დაიყავით ოთხ ჯგუფად და შემდეგი ეკოსისტემური სერვისებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი: 1) ფოტოსინთეზი; 2) ხის მასალით უზრუნველყოფა; 3) სუფთა ჰაერი; 4) სამედიცინო მცენარეები. თითოეულ ჯგუფში განიხილეთ შერჩეული ეკოსისტემური სერვისის უპირატესობები. ეს სერვისები განიხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი ადამიანის კეთილდღეობის მთავარი კომპონენტების – უსაფრთხოების, ცხოვრების პირობების, ჯანმრთელობის – კონტექსტში და იმსჯელეთ, რით უკავშირდება ისინი განსახილველ ეკოსისტემურ სერვისებს. 

  • უსაფრთხოება: კატასტროფებისგან დაცვა, უსაფრთხო კლიმატური პირობები; 
  • ცხოვრების პირობები: კვება, ჰიგიენა, თავშესაფარი, საარსებო წყარო; 
  • ჯანმრთელობა: სუფთა წყალსა და ჰაერზე წვდომა, ფიზიკური ჯანმრთელობა.

ჯგუფში განხილვის შედეგები კლასს წარუდგინეთ დიაგრამის ან ინფოგრაფიკის სახით, რომელზეც ნაჩვენები იქნება ეკოსისტემურ სერვისებსა და ადამიანთა კეთილდღეობის კომპონენტებს (უსაფრთხოებას, ცხოვრების პირობებს, ჯანმრთელობას) შორის კავშირები.

უკან:წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლება – კურსი მასწავლებლებისთვის > ციკლი 4: სიცოცხლე წყალში და წყალი ეკოლოგიაში