მენიუ დახურვა

[EV0601] თემის მიმოხილვა – წყლის ხარისხის დაცვა

ღია

საკითხის შესახებ       

ხელმისაწვდომი წყალი

წყლის ხარისხის გაუარესება ნიშნავს, რომ ადამიანისთვის ვარგისი წყალი კიდევ უფრო ნაკლები იქნება. ამჟამად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემების თანახმად, დაახლოებით 894 მილიონ ადამიანს არ მიუწვდება ხელი სათანადო ხარისხის წყალზე. ხოლო, დაახლოებით 700 მილიონი ადამიანი დაბინძურებულ სასმელ წყალს მოიხმარს.

ამიტომ წყლის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მოითხოვს, როგორც მისი გამოყენების შემცირებას, ასევე მის დაბინძურებისგან დაცვასაც.

კონკრეტული პრობლემები

ინეტენსიური ზემოქმედება და დაბინძურება

თითოეული ჩვენგანი გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ნებსით თუ უნებლიედ, საჯარო, ინდუსტრიული თუ საყოფაცხოვრებო საქმიანობისას, წყალზე ინტენსიურად ზემოქმედებს და მის უწყვეტ დაბინძურებაშია ჩართული. სახელმწიფო დონეზე პრობლემაა ის, რომ არასაკმარისია ან თითქმის არ არსებობს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები და დაბინძურებული წყალი პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება. ასევე, არ ხდება ნარჩენების სათანადო განთავსება და დამუშავება. ცალკეული კომპანიების დონეზე, პრობლემაა ის, რომ ისინი შეიძლება გულგრილი იყვნენ კონკრეტული წარმოებისთვის საჭირო, თუმცა ბუნებისთვის საზიანო ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისადმი. მსხვილი თუ საოჯახო ფერმების შემთხვევაში პრობლემაა მცენარეებისათვის სასუქის თუ პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებების არანორმირებული და არასწორი გამოყენება. ინდივიდუალურ დონეზე კი პრობლემაა ნაგვის პირდაპირ მდინარეში, ტყეში და სხვა არასპეციალურ ადგილებში დაყრა, რაც საბოლოო ჯამში ნიადაგის და წყლის დაბინძურებას განაპირობებს.

საფრთხე სიცოცხლისთვის დედამიწაზე

დაბინძურებული წყალი საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანს, ასევე სხვა ცოცხალ არსებებსაც.  მაგალითად, პლასტიკის ნარჩენები, როგორც წყლის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი, ანადგურებს ზღვებში არსებულ სიცოცხლეს. ითვლება, რომ სწორედ ამ სახის ნარჩენებმა გამოიწვია 100,000-ზე მეტი ძუძუმწოვრის, წყლის ფრინველისა და თევზის განადგურება. ასევე, დადასტურებული ფაქტია, რომ წყალში ბინადარი ცხოველების გადაშენების ტემპი ხუთჯერ აღემატება ხმელეთზე ბინადარი ცხოველების გადაშენების ტემპს. სამწუხარო მოვლენა იყო 2010 წელს, მექსიკის ყურეში როდესაც დაიღვარა დიდი რაოდენობით ნავთობი. შედეგად, დაიხოცა ათასობით ცხოველი და ფრინველი, რომელთაგანაც მრავალი გადაშენების ზღვარზე მყოფ სახეობებს მიეკუთვნებოდა.

დაბინძურებული წყალი ადამიანის ჯანმრთელობაზეც ნეგატიურად ზემოქმედებს და შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური მოწამვლა, სხვადასხვა ინფექციური დაავადება, მაგალითად, ინფექციური ჰეპატიტი, ქოლერა, დიარეა, გასტრო-ენტერიტი, მუცლის ტიფი და ა.შ.

შედარებით უფრო რთული დასადგენია ქიმიურად დაბინძურებული წყლის გრძელვადიანი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაგალითად, იწვევს თუ არა ამა თუ იმ მდინარის წყლის ქიმიური შენარევები ონკოლოგიური დაავადებებს მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებში? კვლევა, რომელიც მსგავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ზუსტად დაადგენს, საკმაოდ საფუძვლიანი და კომპლექსური უნდა იყოს. ამას გარდა, მის განსახორციელებლად შეიძლება საჭირო გახდეს პოლიტიკური ნებაც. ამ ტიპის კვლევებით ჩვენი რეგიონის მოსახლეობა მაინცდამაინც განებივრებული არ არის.

დაბინძურების სახეები და წყაროები

წყლის დაბინძურების 80% გამოწვეულია ისეთი საყოფაცხოვრებო მიზეზებით, როგორიცაა ნარჩენების დაყრა არასათანადო ადგილებსა და წყლის ობიექტებში.

 

ამასთანავე, დაბინძურების სერიოზული წყაროა კანალიზაცია. მაგალითად, აზიაში ყველაზე მეტი დაბინძურებული მდინარეა. მათი უმეტესობა ადამიანის ექსკრემენტების ბაქტერიებითაა დაბინძურებული. საქართველოში, საქართველოშ დასახლებული პუნქტების უმეტესობას არ აქვს სათანადო გამწმენდი ნაგებობა. ამიტომ, მუნიციპალურ ჩამდინარე წყლებზე მოდის დაბინძურებული ჩაშვებული წყლების 57%.

წყლის ქიმიური დაბინძურების თვალსაზრისით, ძალიან პრობლემურია ასევე მადნეულის საწარმოების საქმიანობაც. ნედლეულის გადასამშავებლად ამ ტიპის წარმოებაში, როგორც წესი სხვადასხვა სახის ქიმიური კონცენტრატები გამოიყენება, რაც სერიოზულ დაბინძურებას იწვევს.

სოფლის მეურნეობის სექტორსაც სერიოზული წვლილი აქვს წყლის ქიმიური დაბინძურების პროცესში.

მოსწავლეებისთვის საინტერესო ფაქტები

  • მინამატას მაგალითი – მინამატა იაპონიის ქალაქია, სადაც პირველად აღმოჩნდა დაავადება – კოორდინაციის დარღვევა/ბარბაცი. ადგილმდებარეობის შესაბამისად მას მინიმატას სინდრომი უწოდეს. მინამატაში ჩამომავალი მდინარის ზედა ნაწილში ფუნქციონირებდა ქიმიური ქარხანა, რომელიც ამუშავებდა ვერცხლისწყალს და წარმოებისთვის გამოყენებულ დაბინძურებულ წყალს მდინარეში უშვებდა. მდინარე ჩაედინებოდა ყურეში, სადაც მინამატელები თევზაობდნენ და ამ თევზს თვითონაც იყენებდნენ საკვებად. საბოლოოდ ვერცხლისწყლის კონცენტრაციამ მათ სხეულში იმ დონეს მიაღწია, რომ ინტოქსიკაცია გამოიწვია. შემდგომში ვერცხლისწყლის მოძრაობის მარეგულირებელ კონვენციასაც მინამატას კონვენცია ეწოდა. საქართველოც შეუერთდა ამ კონვენციას, მაგრამ ვერ ხდება ზუსტი გამოთვლა არსებული ვერცხილსწყლისა, რაც კონვენციის შერულების პრობლემას ქმნის. მინამატა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება წყლის გავლით მოხდეს ადამიანებისათვის საშიში პირობების შექმნა. 
  •  აშშ მდინარეების და ტბები 40% იმდენად დაბინძურებულია, რომ მათში პრაქტიკულად აღარ არის სიცოცხლე (თევზები). ასევე აკრძალულია მათში ადამიანების ცურვა – აშშ-იც კი, წყლის დაბინძურების დონე ძალიან მაღალია.
  •  მსოფლიოში ყოველწლიურად 5-დან 10 მილიონამდე ადამიანი იღუპება წყლის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების შედეგად.
  • პლასტიკის ბოთლის დაშლას საშუალოდ 450 წელი ან მეტი ესაჭიროება; პოლიეთილენის პარკის დაშლას კი 10-დან 20 წლამდე.   

გამოსავალი

გლობალური თანამშრომლობა

წყლის დაბინძურების შესამცირებელი სტრატეგია თუ კონკრეტული ქმედებები ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება. მაგალითად, ტრანსასაზღვრო მდინარეების შემთხვევაში, თუ ზედა დინებაზე მდებარე ქვეყანა არ ითვალისწინებს წყლის ხარისხის სტანდარტებს, ქვედა დინებაზე მდებარე ქვეყანაში წყალი უკვე დაბინძურებული სახით მოდის და მისი სისუფთავის უზრუნველყოფა თითქმის დაუძლეველ ამოცანად იქცევა. გლობალური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია, მდინარე დუნაის დაცვის საერთაშორისო კომისია, რომელიც 1994 წლიდან არსებობს და 14 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს დუნაის აუზში წყლის მდგრად და თანასწორ გამოყენებას. კომისიის საქმიანობა სრულად ეფუძნება მდინარე დუნაის დაცვის კონვენციას, რომელიც ძირითადი იურიდიული ინსტრუმენტია საერთაშორისო თანამშრომლობისა და დუნაის აუზის წყლის ტრანსასაზღვრო მენეჯმენტისათვის.

 

თითოეული ადამიანის ქცევის ცვლილება

წყალთან დაკავშირებული ყველა სხვა პრობლემის დაძლევაში, გლობალური თანამშრომლობის გარდა, თითოეულ ინდივიდსაც შეგვიძლია საკუთარი წვლილის შეტანა. ამიტომ, საჭიროა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გააზრება და განხორციელება.

დაბინძურების წყაროების შემცირება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ინდივიდუალურ დონეზე შეგვიძლია გადავჭრათ არის ერთჯერადი სარგებლობის ნივთების გამოყენების შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა. საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ერთჯერადი ნივთების წარმოებისთვის წყლის რესურსია გამოყენებული და შემდეგ მათი გამოყენება და გადაყრა უკვე წყლის მნიშვნელოვან დაბინძურებას იწვევს. გადამწყვეტია ერთჯერადი პარკების გამოყენების აკრძალვა და მათი ჩანაცვლება ნაჭრის ან ქაღალდის ჩანთებით. უნდა გვახსოვდეს, რომ პლასტმასის ერთჯერადი გამოყენების ნივთების წილი ყველაზე დიდია გარემოს დამაბინძურებლებს შორის.

სახელმწიფო ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა გონივრული რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვა და იმ სექტორების დახმარება, რომლებსაც მათი დაცვის ვალდებულება დაეკისრებათ. ეს შეიძლება მოიცავდეს, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მავნე ქიმიური ნივთერებების გამოყენების შემცირებას და მათ ჩანაცვლებას ეკო-მეგობრული საშუალებებით, წყლის გამწმენდი პროცესების დანერგვას, ნაგვის გადამამუშავებელი სუბიექტების განვითარების ხელშეწყობას და ა.შ. 

საკითხები, რომლებზეც შეგიძლიათ იმუშაოთ მოსწავლეებთან ერთად

  • საკუთარი არეალის მაგალითზე დამაბინძურებლები – მოსწავლეებს შეუძლიათ გააანალიზონ  საკუთარ ტერიტორიაზე არსებული დამაბინძურებლები, მაგ., მოშლილი საკანალიზაციო სისტემა, პესტიციდების გამოყენება და ა.შ.
  • დაბინძურების თავიდან აცილების საშუალებები –  მოსწავლეებს შეუძლიათ მოიფიქრონ ან მოძებნონ საშუალებები, რაც დაბინძურების თავიდან აცილების საშუალებას გააჩენს.
უკან:წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლება – კურსი მასწავლებლებისთვის > ციკლი 5: წყლის ხარისხის დაცვა