საკითხის შესახებ
რა არის მდინარის აუზი?
მდინარის აუზი არის ტერიტორია ხმელეთზე, სადაც ხდება მოსული ნალექის შეკრება, სხვადასხვა ფორმით თავმოყრა და გადაადგილება, მაგალითად, ნაკადულების, მდინარეების, მიწისქვეშა წყლებისა თუ სხვა ფორმებით.
დიდი მდინარის აუზი, როგორც წესი, რამდენიმე ქვე-აუზს მოიცავს (მდინარის შენაკადების შესაბამისად). მაგალითად, მდინარე მტკვრის აუზში რამდენიმე ქვე-აუზია: ალაზნის, ქსნისა და ივრის.
რატომ მდინარის აუზი (ზედა და ქვედა დინება)
მდინარის აუზი, როგორც ერთი მთლიანობა წარმოადგენს წყლის რესურსების მართვისთვის ყველაზე ოპტიმალურ საბაზისო ერთეულს. მსოფლიოში აღიარებულია, რომ თუ გვინდა, სწორად ვმართოთ წყლის რესურსები, ის ერთეული, სადაც უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს მართვითი ღონისძიებები არის მდინარის აუზი.
თანამედროვე მიდგომა გულისხმობს, რომ წყლის რესურსების მართვაში ვიყენებთ სააუზო მიდგომას. ცხადია, რომ მდინარის ქვედა დინებაზე განხორციელებული ღონისძიება არ იქნება ეფექტური, თუ ზედა დინება არ არის გათვალისწინებული.
მეტი სიცხადისთვის განვიხილოთ მაგალითი. წარმოვიდგინოთ მდინარე, რომელიც მაღალი მთიდან მოედინება ბარისკენ. ცხადია, რომ ქვედა დინების წყლის ხარისხი გარკვეულწილად დამოკიდებულია ზედა დინების წყლის ხარისხზე. თუ ზედა დინებაზე მდებარეობს სოფელი, რომელიც მესაქონლეობას მისდევს, წყალიც შესაბამისად ბინძურდება და ქვედა დინებაზე მაცხოვრებლები ამ წყალს იღებენ. თუმცა, როგორ უნდა მოიქცეს ზედა დინების მაცხოვრებელi? ეს ხომ მისი ბუნებრივი გარემოა და მისი არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ერთ-ერთი გადაწყვეტაა, განვიხილოთ ზედა დინების დასახლებები, როგორც უზრუნველყოფის სერვისის მომწოდებლები, გადავუხადოთ თანხა, რათა მათ დანერგონ წყლის ხარისხის შენარჩუნებისთვის თანამედროვე ტექნოლოგია.
ტრანსსასაზღვრო მდინარეები
მდინარე, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე გაედინება, ტრანსასაზღვრო მდინარეს უწოდებენ. მათი აუზებიც სხვადასხვა ქვეყნის ფარგლებში მდებარეობს.
ტრანსასაზღვრო მდინარეებია: დუნაი (10 ქვეყანა), ნილოსი (11 ქვეყანა), რაინი (6 ქვეყანა) და სხვ. ჩვენს რეგიონში ტრანსასაზღვრო მდინარეებია მტკვარი (თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი), ალაზანი (საქართველო, აზერბაიჯანი), იორი (საქართველო, აზერბაიჯანი).
მოსწავლეებისთვის საინტერესო ფაქტები
- მყინვარში აკუმულირებული წყალი წყლის ციკლში მხოლოდ ყინულის გალღობის შემდგომ შეიძლება ჩაერთოს, რასაც შესაძლოა ასობით წელი დასჭირდეს. იგივე ვრცელდება მიწისქვეშა წყლებზეც. შესაძლოა ათასობით წელი გავიდეს, სანამ წყალი მიწის ზედაპირზე, მზის სინათლეზე აღმოჩნდება და წყლის ციკლში ხელახლა ჩაერთვება.
- დედამიწის ზედაპირის თითქმის ნახევარი 263 ტრანსასაზღვრო ტბასა და მდინარის აუზს უჭირავს. 145 ქვეყანის ტერიტორიის ნაწილი, 30 ქვეყნის ტერიტორია კი სრულადაა მოქცეული რომელიმე ტრანსასაზღვრო აუზში.
- ტრანსასაზღვრო მდინარის აუზის კონტექსტში, გლობალური თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია, მდინარე დუნაის დაცვის საერთაშორისო კომისია, რომელიც 14 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს.
პრობლემები
წყლის რესურსების შემცირება / დეფიციტი
წყლის რესურსების შემცირებისა და წყლის დეფიციტის პრობლემა ტრანსასაზღვრო ხასიათისაა. მაგალითად, არალის ზღვის აუზი ჩაკეტილი აუზის ტიპს განეკუთვნება და 7 ქვეყანას მოიცავს. მისი მასაზრდოებელი ორი მდინარე – სირდარია და ამურდარია – მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იმდენად აქტიურად გამოიყენებოდა საირიგაციო მიზნით, რომ მსოფლიოში სიდიდით მე-4 ტბა (68.000 კმ² ფართობით) ფაქტიურად დამშრალია. ეს მოვლენა უარყოფითად აისახა მიმდებარე დასახლებების ეკონომიკურ მდგომარეობაზე – დაახლოებით 40-60 ათასმა მეთევზემ დაკარგა საარსებო წყარო. გაუარესდა მოსახლეობის ჯანმრთელობა საცხოვრებელი პირობები. დღესდღეობით არალის ზღვის გაქრობა ითვლება ანთროპოგენული მიზეზით განპირობებულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად.
ტრანსსასაზღვრო პრობლემები
მდინარის აუზები, განაკუთრებით ტრანსასაზღვრო აუზები ნათლად გამოხატავს გლობალური თანამშრომლობის საჭიროებას. მაგალითად, ტაჯიკეთში ფუნქციონირებს დიდი ჰიდროელექტროსადგურები. მათ კაშხლებში წყალუხვობის პერიოდში გროვდება მდინარეების წყალი, რათა უწყლო პერიოდებში შესაძლებელი იყოს ჰესის უწყვეტი მუშაობა. ქვედა დინებაზე მყოფ ქვეყნებს საირიგაციოდ სწორედ იმ პერიოდში სჭირდებათ წყალი, როდესაც ტაჯიკეთში მისი დაგროვება ხდება კაშხლებში. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, მათ შორის, პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
სექტორული განვითარება
წყლის რესურსების სწორად განვითარებისთვის გარდა იმისა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობაა აუცილებელი, აღმოჩნდა რომ აუცილებელია სექტორული თანამშრომლობაც. მაგალითად, ერთ სახელმწიფოში შეიძლება სოფლის მეურნეობის სექტორი ამზადებდეს სტრატეგიას, რომელიც სარწყავი სისტემების აღდგენას, ახლის დამატებას და ამგვარად მაქსიმალურ გასარწყავიანებას გულისხმობს, ენერგეტიკის სექტორი კი გეგმავდეს ქვეყანაში არსებული ჰიდრო-ენერგო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. ორივე მიმართულება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გეგმავს რეალურად ერთი და იგივე წყლის რესურსის ათვისებას.
გამოსავალი
მდინარის აუზის რესურსების გამოყენების დაგეგმვა
სწორი დაგეგმვა გულისხმობს ინტეგრირებულ მიდგომას, ანუ წყლის რესურსების მართვა ყველა სექტორისთვის ინტეგრირებულად უნდა ხდებოდეს და არა დაცალკევებულად. მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი წყლის რესურსების ეფექტური გადანაწილება ყველა პრიორიტეტულ სექტორზე.
აუზის მართვის გეგმა
წყლის რესურსების მართვის დაგეგმვისას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააუზო მიდგომის გამოყენებაა საჭირო. აუცილებელია, არსებობდეს სააუზო მართვის საბჭოები, რომლებიც იმუშავებენ სტრატეგიულ გეგმაზე და შექმნიან რეკომენდაციებს, რომელთა საფუძველზეც აღმასრულებელი ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას.
ყველა დაინტერესებული მხარის და წყლით მოსარგებლის მართვის პროცესში ჩართულობა, მ.შ. ეკოსისტემური სერვისების
ყველა, ვინც დაინტერესებულია კონკრეტული მდინარის აუზის წყალსარგებლობით, ჩართული უნდა იყოს მართვის პროცესში და გადაწყვეტილების მიღება აუცილებლად უნდა მოხდეს ყველა ჩართული მხარის ინტერესების გათვალისწინებით. მხარეებში სხვა სექტორებთან ერთად უპირველესად იგულისხმება ადგილობრივი მოსახლეობაც და ის ეკოსისტემები, რომელთა ფუნქციონირებაც ამა თუ იმ წყალზეა დამოკიდებული.
საკითხები, რომლებზეც შეგიძლიათ იმუშაოთ მოსწავლეებთან ერთად
- მდინარის დიდი აუზები
- დაინტერესებული მხარეები მდინარის აუზში
- როგორ გავანაწილო წყალი დეფიციტის პირობებში