კურსის ეს ნაწილი ყველაზე გრძელვადიანია და ეთმობა თქვენ მიერ სასწავლო აქტივობის საკუთარ კლასში განხორციელებას. ვიდეო ანიმაციების და/ან ბროშურების გამოყენებით დაგეგმეთ სასწავლო პროექტი ან კომპლექსური დავალება და განახორციელეთ იგი კლასთან. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით ამ კურსის შემდეგ გაკვეთილზე, სადაც უნდა შეავსოთ თვით-რეფლექსიის კითვარი.
კლიმატის ცვლილების და წყლის თემაზე სანიმუშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დავალებები.
დავალება III-V კლასებისთვის
- მასწავლებელთან ერთად გაეცანი, როგორ წარმოიქმნება სათბური აირები და როგორ გაიფრქვევა ისინი ატმოსფეროში.
- მოიფიქრე, როგორ შეიძლება დაზოგო ენერგია თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და, შესაბამისად, შეამცირო სათბური აირების გაფრქვევა.
- შენი მოსაზრებები გაუზიარე ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მასწავლებლებს და მათთან ერთად იმსჯელე ამ მოსაზრებების შესახებ.
დავალება VI-VIII კლასებისთვის
- მეგობრებთან და მასწავლებელთან ერთად განიხილე სათბური აირების წარმოშობის ბუნებრივი და ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული) მიზეზები. შენი აზრით, რომელია ამ მიზეზთაგან უფრო მნიშვნელოვანი?
- მეგობრებთან ერთად იფიქრე და გააანალიზე კლიმატის ცვლილების გავლენა შენი ქალაქის მომავალზე. მოამზადე პრეზენტაცია და წარუდგინე კლასს. მასწავლებელთან ერთად იმსჯელე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს შენს ქალაქში კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შესამცირებლად / თავიდან ასაცილებლად.
დავალება IX-XI კლასებისთვის
- მოიფიქრეთ, წყალთან დაკავშირებული რა ღონისძიებები შეიძლება გაატაროთ ინდივიდუალურად კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიზნით.
- მოიფიქრეთ, წყალთან დაკავშირებული რა ღონისძიებები შეიძლება გაატაროთ ინდივიდუალურად კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით.
- მეგობრებთან ერთად მოამზადეთ ჯგუფური პრეზენტაციები განხილი საკითხებთან დაკავშირებით და იმსჯელეთ კლასში მასწავლებელთან ერთად.