მენიუ დახურვა

[EV0301] თემის მიმოხილვა – კლიმატის ცვლილება და წყალი

ღია

საკითხის შესახებ

კლიმატის ცვლილების მიზეზები და მექანიზმი

კლიმატის გლობალური ცვლილება რომ ნამდვილად მიმდინარეობს, ამაზე უკვე აღარ დაობენ. გარკვეულ სამეცნიერო წრეებში შეიძლება ჯერ კიდევ დისკუსიის საგანი იყოს ეს ცვლილებები რეალურად ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული თუ უშუალოდ ადამიანის ზემოქმედების შედეგია.

ფაქტია, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად დიდი რაოდენობით ნახშირ-ორ ჟანგი (CO2) და მეთანი გამოიყოფა და სწორედ ამ და სხვა სითბური აირების მაღალი კონცენტრაცია გარკვეულწილად იწვევს ტემპერატურის მატებას.

მექანიზმი ამგვარია:

ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა მზისგან იღებს სითბურ ენერგიას. ისიც ვიცით, რომ ატმოსფერო პირდაპირ მზის სხივებით არ თბება – ჯერ თბება მიწის ზედაპირი, შემდეგ კი მიწის პირას არსებული ჰაერი, რომელიც გადაადგილდება მაღლა და საბოლოო ჯამში ატმოსფეროს ათბობს. აქამდე დედამიწის მიერ მიღებული სითბოს დიდი ნაწილი აირეკლებოდა ატმოსფეროს ზედა ფენების მიერ და უკან, კოსმოსურ სივრცეში იფანტებოდა. ანუ დედამიწა იღებდა სითბური ენერგიის მეტნაკლებად ოპტიმალურ რაოდენობას. 

რა ხდება ახლა?  CO2-ის, მეთანის და სხვა სითბური აირების კონცენტრაცია ქმნის სათბურის გადახურვის მსგავს მექანიზმს, რაც აბრკოლებს დედამიწიდან სითბური ენერგიის უკან, კოსმოსში გაფანტვას. ამგვარად იქმნება ერთგვარი სათბურის ეფექტი, რომელიც ხელს უწყობს გლობალური მასშტაბით ტემპერატურის მატებას. კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ განმაპირობებლად სწორედ სათბურის ეფექტის ეს მექანიზმი ითვლება.  

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეთანის აირი მნიშნელოვანი რაოდენობითაა კონცენტრირებული ყინულებში (ზეწრულ მყინვარებსა და მრავალწლოვანი მზრალობის გავრცელების არეალები). როდესაც CO2კონცენტრაცია იზრდება, ტემპერატურა იმატებს და ყინული დნება, გამოთავისუფლდება უზარმაზარი რაოდენობის მეთანი. ეს კი კიდევ უფრო აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს. 

პროგნოზები

როგორ გაგრძელდება კლიმატური ცვლილებები მომავალში? 

ვარაუდობენ, რომ თუ ჩვენი ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო აქტივობები არ შეიცვლება, მაშინ 21-ე საუკუნეში საშუალო ტემპერატურის მატება გაცილებით უფრო საგრძნობი გახდება, ვიდრე მე-20 საუკუნეში იყო. ამ ეტაპზე, არსებული გათვლებით დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის მატება იქნება 1.8 და 4 გრადუსს შორის.  

დედამიწაზე ტემპერატურის მატების განსასაზღვრად მეცნიერები სხვადასხვა ტიპის მოდელირებას აკეთებენ. შექმნილი კომპიუტერული მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სითბური აირების კონცენტრაციის, რეგიონების, კლიმატური პირობების და სხვა მახასიათებლების მიხედვით. მაგალითად, პროეცირების შედეგები გვიჩვენებს, რომ ტემპერატურა მიწაზე უფრო მოიმატებს, ვიდრე ოკეანის ზედაპირზე, ასევე, მაღალმთიან რეგიონებში უფრო მოიმატებს, ვიდრე დაბლობებსა და ტროპიკულ ტერიტორიებზე.

კონკრეტული პრობლემები

შესაძლო და რეალური შედეგები 

კლიმატური ცვლილებების შედეგები შეიძლება იყოს: ზღვის დონის მატება, კატასტროფული მოვლენები, ჩამონადენის შემცირება, გაუდაბნოება, დაავადებების გავრცელება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და ეკოსისტემური სერვისების დაზიანება.

კონკრეტულად ადამიანისთვის შეიცვლება ის, რომ ნალექი, რომელიც გადანაწილებული იყო მთელი წლის მანძილზე, შეძლება რამდენიმე დღეში მოვიდეს და, შესაბამისად, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ბუნებრივი მოვლენებით განპირობებული კატასტროფების რისკი იზრდება. ჩვენთვის ხელსაყრელი პირობები უკვე არახელსაყრელი ხდება. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საგრძნობი შემცირებით, ტყეების განადგურებით და ა.შ.

მნიშვნელოვანი იქნება ის ცვლილებები რომლებიც უშუალოდ შეეხება ადამიანს. ეს ცვლილებები უპირველესად ნალექების არსებული რეჟიმის მკვეთრი ცვლილებით იქნება გამოხატული. კერძოდ გაიზრდება ნალექების ინტენსივობა (ამა თუ იმ ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ნალექების თვიური, წლიური ნორმა შეიძლება დროის ხანმოკლე პერიოდში ერთბაშად მოვიდეს). აღნიშნული განაპირობებს კატასტროფული სტიქიური პროცესების განვითრებას შესაბამისი უარყოფითი შედეგებით. გაიზრდება გვალვები რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობაზე – ნიადაგის დეგრადირებისა და გაუდაბნოების პროცესის შედეგად უკვე დღეს საგრძნობლად არის შემცირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. შემცირდებაა ტყეების რაოდენობა. ყოველივე აღნიშნულის შედეგად დედამიწის აჟამად საცხოვრებლად ათვისებული არეალის ნაწილის პირობები გამოუსადეგარი გახდება ცხოვრებისათის რაც დიდ მიგრაციული ძვრებს გამოიწვევს და ა.შ. (წყარო: …)

გლობალურ დონეზე კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ მთლიანად შეიცვალოს უსაფრთხო გარემო. მაგალითად, წყლის რესურსების გლობალურმა შემცირებამ შესაძლოა სრულიად ახალი დონის საფართხეები გააჩინოს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით იმ ქვეყნებში, რომელიც წყლის რესურსებით მდიდარია. 

ბუნებრივი კატასტროფები

თანამედროვე მიდგომა ასეთია: მოვლენა, რომელიც ჩვენ გვაზიანებს, მაგალითად, ქარიშახლი, წყალმოვარდნა, არის არა ბუნებრივი, არამედ სოციალური კატასტროფა. საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს დაზიანებას განაპირობებს ჩვენივე ქცევა და არა ბუნება. 

მაგალითად, საცხოვრებლად შევარჩიეთ ტერიტორია, რომელიც ხასიათდება ამა და ამ სიძლიერის ქარიშხლებით. თავისთავად ქარიშხალი კატასტროფა არაა, ის ამ გარემოს თავისებურებაა. მაგრამ ის, რომ ჩვენ სახლის მშენებლობას არ ვგეგმავთ ამ თავისებურების გათვალისწინებით და ქარიშხლის დროს ის ინგრევა, ეს უკვე ჩვენი პრობლემაა და არა ბუნების. 

განვიხილოთ მეორე მაგალითი. საცხოვრებლად შევარჩიეთ ხეობა, რომელიც მე-20 საუკუნის განმავლობაში ოთხჯერ დაიტბორა და გამოიწვია ნგრევა, მსხვერპლი. ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ მსგავსი მოვლენები კვლავ განმეორდება, რადგან ასეთია ამ ხეობის ხასიათი. შესაბამისად, საჭიროა დაგეგმვის პროცესში გავითვალისწინოთ, რომ მსგავსი წყალმოვარდნებისგან თავის დასაცავად ან ღვარცოფული მასების შემაკავებელი ნაგებობები ავაშენოთ, ან ადრეული შეტყობინებების სენსორების სისტემა დავნერგოთ ან, თუ უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას მაინც ვერ უზრუნველვყოფთ, საერთოდ უარი ვთქვათ ტერიტორიის საცხოვრებლად გამოყენებაზე. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს ტერმინს „ბუნებრივი კატასტროფები“ აღარ ვიყენებთ.

მოსწავლეებისთვის საინტერესო ფაქტები

  • მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწამ თავისი არსებობის მანძილზე ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული შვიდი გამყინვარების და დათბობის პერიოდი გამოიარა. უკანასკნელი ცვლილებები კი ადამიანის საქმიანობას უკავშირდება და დროში ზაიან სწრაფად მიმდინარეობს. 
  • სითბური აირების წყაროები: ენერგეტიკა (35%), სოფლის მეურნეობა (24%), მრეწველობა (21%), ტრანსპორტი (14%), სამშენებლო სექტორი (6.4%).
  • მტკვრის აუზში, საშუალო ტემპერატურის ზრდამ უკანასკნელ ათწლეულში 0.7°C შეადგინა. ნალექები კი შემცირდა. ასევე გააქტიურებულია მყინვარების დნობა (ბოლო 50 წელში 30%-ით), რამაც მდინარეებში წყლის დონის შემცირება განაპირობა.  

გამოსავალი

გლობალური თანამშრომლობა

კლიმატური ცვლილება მასშტაბური მოვლენაა და, ცხადია, გლობალური თანამშრომლობის გარეშე მასზე პროცესზე ხელშესახები ზემოქმედება შეუძლებელია. 

კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონვენცია (UNFCCC) ამოქმედდა 1994 წელს და აერთიანებს 197 მხარეს (ქვეყანას). ეს საერთაშორისო შეთანხმება მიზნად ისახავს სითბური აირების ატმოსფეროში კონცენტრაციის შემცირებას და ამგვარად დედამიწის კლიმატზე სახიფათო ანთროპოგენური გავლენის პრევენციას. კონვენციის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება მხარეთა კონფერენციები, რაც რეალურად კონვენციის მართვის უმაღლეს საბჭოს წარმოადგენს. ერთ-ერთი კონფერენცია ჩატარდა კიოტოში 1997 წელს. დაწესდა თბური აირების ემისიების კონკრეტული ლიმიტები ქვეყნების ორი ჯგუფისთვის: მაღალგანვითარებული სახელმწიფოებისთვის (ე.წ. დანართი #1-ის ქვეყნები) უფრო მკაცრი ლიმიტები, ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოებისთვის (ე.წ. დანართი #2-ის ქვეყნები) კი შედარებით მსუბუქი ვალდებულებები. კიოტოს პროტოკოლი ძალაში შევიდა 2005 წელს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დანართი #2-ის ქვეყნები ჯამურად გადააჭარბეს დანართი #1-ის ქვეყნების ემისიების ქვოტებს, ამიტომ განვითარების დონის მიუხედავად ყველა ქვეყნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

მომდევნო საეტაპო მოვლენა იყო პარიზის ხელშეკრულება, რომელიც კლიმატის ცვლილებების შესახებ ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შეიქმნა 2016 წელს და ამ ეტაპზე 195 ქვეყანას აერთიანებს. ხელშეკრულების გრძელვადიანი მიზანია, რომ გლობალური საშუალო ტემპერატურა შენარჩუნდეს იმ ნიშნულზე, რომელიც მხოლოდ 2 °C-ით აღემატება წინა-ინდუსტრიულ მაჩვენებელს, ხოლო ტემპერატურის მატების მაქსიმუმი არ აღემატებოდეს 1.5 °C-ს. პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში თითოეული წევრი ქვეყანა ვალდებულია განსაზღვროს, დაგეგმოს და განახორციელოს ის აქტივობები, რომლებიც გლობალური დათბობის მიტიგაციისთვის არის საჭირო. 

კლიმატის ცვლილებების მთავრობათაშორისი პანელი (IPCC) 1988 წელს შეიქმნა და ამჟამად ის 195 წევრ ქვეყანას აერთიანებს. IPCC რეგულარულად აქვეყნებს შეფასებით ანგარიშებს კლიმატის ცვლილებების, მასთან დაკავშირებული ზემოქმედებისა და სამომავლო რისკების, ადაპტაციისა და მიტიგაციისთვის შესაძლო ალტერნატივების შესახებ. 

ადაპტაცია (მომზადება, შეგუება) / მიტიგაცია (შერბილება)

ადაპტაცია გულისხმობს იმის აღიარებას, რომ გარემო იცვლება და საჭიროა ახალი გარემოსთვის მომზადება. მნიშვნელოვანია, რომ განვსაზღვროთ მიახლოებითი სცენარები – სად ვიქნებით 50-100 წლის შემდეგ, როგორი იქნება ჩვენი გარემო, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით, და მოვემზადოთ შესაბამისად. მაგალითად, შევცვალოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურები ისე, რომ იმ ახალ გარემოს მოერგოს.

მიტიგაცია ანუ შერბილების მიდგომა გულისხმობს იმ ფაქტორების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს განაპირობებს. ეს შეიძლება იყოს სითბური აირების შემცირება, მაგალითად, საწვავისა და ენერგიის მოხმარების შემცირება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიის და სამშენებლო მასალების გამოყენება და სხვა.

ენერგიის დაზოგვის მეთოდები / ენერგოეფექტურობა

ენერგიის დაზოგვის მეთოდების დასანერგად საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მინიმალურ სტანდარტებსა განსაზღვრავს. მაგალითად, ამ მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ენერგოეფექტურ შენობებს, რომლებიც კონკრეტულ სტანდარტებთან შესაბამისი მასალით არის ნაშენები და ეს მოთხოვნები შეიძლება კანონითაც იყოს მოთხოვნილი და დარეგულირებული. საქართველოში უკვე მიღებულია კანონი ენერგოეფექტურობისა და კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ.

ინდივიდუალურ დონეზე ენერგიის ნაკლები ხარჯვა კი გულისხმობს ე.წ. ეკონომ-ნათურების, ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებას და ა.შ.

 

საკითხები, რომლებზეც შეგიძლიათ იმუშაოთ მოსწავლეებთან ერთად

  • კლიმატის ცვლილების მექანიზმის აღწერა
  • კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ჩვენზე
  • ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობები
  • მიტიგაცია: რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
  • ადაპტაცია: რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
უკან:წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლება – კურსი მასწავლებლებისთვის > ციკლი 2: კლიმატის ცვლილება და წყალი