მენიუ დახურვა

[EV0501] თემის მიმოხილვა – სიცოცხლე წყალში და წყალი ეკოლოგიაში

ღია

საკითხის შესახებ

წყალი – სიცოცხლის განმსაზღვრელი ძირითადი სუბსტანცია

წყალი წარმოადგენს იმ ძირითად სუბსტანციას, რომელიც განსაზღვრავს სიცოცხლეს დედამიწაზე. 

წყალზე ხელმისაწვდომობის უფლება

სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის უფლება, არის ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება – ყველას უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა საკმარისი რაოდენობის და სათანადო ხარისხის სუფთა წყალზე. ამასთან, წყალზე ხელმისაწვდომობის უფლება, ასევე, აქვს იმ ეკოსისტემებსაც, რომლებსაც ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ ამა თუ იმ რაოდენობის  წყალი. 

წყალზე თანაბარი უფლება აქვს ადამიანს და წყალზე დამოკიდებულ ეკოსისტემასაც და სწორედ ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი! სწორედ ამის გააზრება იწვევს, ბუნებრივი რესურსების და კონკრეტულად წყლის რესურსების მიმართ დამკვიდრებული მომხმარებლური დამოკიდებულებების ცვლილებას – არსებული მომხმარებლური პარადიგმის ცვლილებას.

ეკოსისტემური სერვისები

ეკოსისტემა არის ფიზიკური გარემოსა და მისი კომპონენტების (ნიადაგი, წყალი, კლიმატი და აშ.), და ასევე ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია და ეს ერთობლიობა ამა თუ იმ კონკრეტულ არეალშია ჩამოყალიბებული.

ეკოსისტემები აწარმოებენ გარკვეულ სერვისებს – ეკოსისტემურ სერვისებს. ამ ტერმინის ქვეშ ვგულისხმობთ ყველა იმ სარგებელს, რომელთაც ადამიანები იღებენ ეკოსისტემებისგან. განარჩევენ ეკოსისტემური სერვისების ოთხ ძირითად ტიპს:

  • უზრუნველყოფის სერვისები
  • მარეგულირებელი სერვისები
  • დამხმარე სერვისები
  • კულტურული, იგივე ესთეტიკური სერვისები

ადრე ითვლებოდა, რომ წყალი უფასოა, რადგან მას ბუნებისგან ვიღებთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ მსგავს ბუნებრივ სერვისებსაც აქვთ გარკვეული ღირებულება, ფასი. თანამედროვე მიდგომა უკვე გულისხმობს ეკოსისტემურ სერვისებში გარკვეული საფასურის გადახდასაც, 

 

ამგვარად, ერთი მხრივ, ეკოსისტემას თავისთავად აქვს ღირებულება და, მეორე მხრივ, მას ასევე აქვს უფლება, რომ მიიღოს იმ რაოდენობის წყალი, რაც მას სჭირდება ფუნქცნიორებისთვის. 

1. უზრუნველყოფის სერვისები

უზრუნველყოფის სერვისებს ვუწოდებთ იმ პროდუქტებსა თუ სარგებელს, რომლებიც პირდაპირ  მიიღება ეკოსისტემებიდან. მაგალითად საკვები პროდუქტები, წყალი, მერქანი, საწვავი პროდუქტები, სამკურნალო მცენარეები და ა.შ. უზრუნველყოფის სერვისის კარგი მაგალითია, სასმელი წყალი, რომელსაც ქალაქი თბილისი, მდინარე არაგვის აუზიდან იღებს. ამ შემთხვევაში თბილისის მოსახლეობა სარგებლობს არაგვის აუზის ეკოსისტემური სერვისებით. 

2. მარეგულირებელი სერვისები

მარეგულირებელი სერვისები დაკავშირებულია ეკოსისტემების მარეგულირებელ პროცესებთან, როგორიცაა კლიმატის რეგულირება (ნახშირორჟანგის სეკვესტრირება/დაკავება), ჟანგბადის გამომუშავება მცენარეული საფარის მიერ, წყლის გაწმენდა (მაგალითად ჭარბტენიანი ეკოსისტემების მიერ), ნარჩენების გადამუშავება ბაქტერიების მიერ, ფუტკრების მიერ მცენარეების დამტვერვა, ხე-მცენარეების ფესვთა სისტემის მიერ ნიადაგის სტაბილიზება და ეროზიული პროცესების შეჩერება და ა.შ. ყველა ეს პროცესი საბოლოო ჯამში განაპირობებს სუფთა, ფუნქციონალური და ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკოსისტემების ჩამოყალიბებას. 

განვიხილოთ ერთი მაგალითი. ტყის ეკოსისტემები მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, რომ მდინარეში წყალი მეტნაკლებად სტაბილურადაა ერთ დონეზე. წვიმის წყალი რელიეფის დახრილობის მიხედვით ეშვება და ხვდება ყველაზე დაბალ წერტილში – მდინარეში. თუ ფერდობზე მდებარეობს ტყე, პროცესი ამგვარია: წყალი ფოთოლზე ეცემა, სიჩქარე იკლებს, ნიადაგში ჩაიჟონება, წყლის ნაწილი ზედაპირული წყლის სახით მიედინება, დიდი ნაწილი კი მიწისქვეშა წყლის სახით გროვდება, ჩაედინება მდინარეში და უერთდება ზღვას / ოკეანეს. როცა ტყე გაჩეხილია, მოსული ნალექი ერთბაშად ზედაპირული წყლის სახით ჩამოდის. აღარ არის ფოთოლი, ფესვთა სისტემები, რომლებსაც უნარი აქვთ შეაკავონ წყლის რაოდენობა. ნიადაგური საფარი ჩამოირეცხება მასიური წყლის მიერ, რომელსაც შემაკავებელი მცენარეული საფარი აღარ აქვს, ერთბაშად ხვდება მდინარეში, და მიწის ფენაც წყალთან ერთად. შედეგად, წყალმოვარდნის სახით ვიღებთ დიდი მოცულობის სელურ ნაკადს. იმის გამო კი, რომ ეკოსისტემამ წყლის რეგულირების ფუნქცია დაკარგა, წლის დანარჩენ პერიოდში წყლის დეფიციტია. პრაქტიკულად მცენარეული საფარი ახდენს მეტნაკლებ სტაბილურ განაწილებას მდინარის წყლის – დროში გაწელილია და თანაბარი. ტყის ეკოსისტემა ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს მდინარის აუზში წყლის სტაბილურობას. ეს არის მარეგულირებელი სერვისი ანუ წყლის რაოდენობისა და კლიმატური პირობების სტაბილური უზრუნველყოფა.

3. დამხმარე სერვისები

უშუალოდ ეკოსისტემების ფუნქციონირება შეუძლებელია თანმიმდევრული ბუნებრივი პროცესების გარეშე, როგორიცაა – ფოტოსინთეზი, საკვებ ნივთიერებათა ციკლი, ნიადაგის წარმოქმნა, წყლის ციკლი და აშ. სწორედ ამ ტიპის პროცესებს, რომლებიც განაპირობებენ ეკოსისტემების ფუნქციონირებას უწოდებენ დამხმარე სერვისებს. სწორედ ეს სერვისები უზრუნველყოფენ დედამიწაზე სიცოცხლის ძირითადი ფორმების არსებობას. ამ პროცესების გარეშე არ იქნებოდა არც ერთი სხვა ტიპის სერვისი. 

დამხმარე სერვისების მაგალითებია ნივთიერებათა ცვლა, კვებითი ჯაჭვი, ნიადაგის ფორმირება, ჰიდროლოგიური (ანუ წყლის) ციკლი.

4. კულტურული სერვისები

კულტურული სერვისები ეწოდება ყველა იმ არამატერიალური სარგებლის ერთობლიობას, რომელსაც ადამიანი იღებს ეკოსისტემებისგან. როგორიცაა ინტელექტუალური განვითრება, ესთეტიკური სიამოვნება, რეკრეაციული – ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღესთან დაკაშირებული სარგებელი, ტურიზმი, განათლება და აშ. 

საბადურის ტყე, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში,  არის მაგალითი ესთეტიურ-კულტურული სერვისისა, რომელსაც ადამიანი იღებს იმ ეკოსისტემისგან, რომელიც არის ჩამოყალიბებული საბადურის ტყის სახით. 

მოსწავლეებისთვის საინტერესო ფაქტები

  • ზრდასრული ადამიანის სხეულის 70%-მდე წყალია! ორგანოების მიხედვით ტვინის 73% წყალია (!), გულის 73%, ფილტვებისა კი 83%. ასევე, ორგანიზმის ამგებელი უჯრედების 67% წყალი! 
  • ზრდასრულ ადამიანის დღიურად 50-დან 100 ლიტრამდე წყალი ესაჭიროება სხვადასხვა საჭიროებისთვის – სასმელი, საკვების მომზადება, ჰიგიენა და აშ.
  • ადამიანის საკვების გარეშე სამ კვირამდე შეუძლია არსებობა, წყლის გარეშე კი სამ დღეზე მეტს ვერ გაძლებს! 

კონკრეტული პრობლემები

წყლის ინტენსიური გამოყენება ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში

პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანის საქმიანობის სფერო სადაც არ ხდება წყლის გამოყენება. იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია თუ საყოფაცხოვრებო სექტორი. უკანასაკნელი ათწლეულების მანძილზე, წყლის გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველა ამ სექტროში. 

წყლის დეფიციტი

წყლის გამოყენების ინტენსიურმა ზრდამ თანამედროვე ადამიანი წყლის დეფიციტის პრობლემის წინაშე დააყენა. დღესდღეობით მსოფლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის 2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს რეგიონებში, რომლებიც წყლის დეფიციტის პრობლემის წინაშე დგას. ისეთ დიდ და მაღალგანვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ჩინეთია, სულ მცირე, 320 მილიონ ადამიანს არა აქვს სუფთა სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა. 

წყალზე დამოკიდებული სიცოცხლის ფორმების (თევზები და ა.შ.) ჰაბიტატების განადგურება

წყლის რესურსებით ინტენსიური სარგებლობა მათ რაოდენობრივ შემცირებასა და ხარისხობრივ გაუარესებას განაპირობებს. აღნიშნულის შედეგად უპირველეს ყოვილისა წყალზე დამოკიდებული სახეობები და მათი ჰაბიტატები ნადგურდება. ასე მაგალითად ჰიდროელექტრო სადგურების ფუნქციონირების გამო შემცირებული წყლის ნაკადი, მნშვნელოვნად მცირდება თევზის სახეობრივი მრავალფეროვნება და პოპულაცია. 

ბიომრავალფეროვნების კარგვა

წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესება, ასევე თანაბრად ზემოქმედებს მთლიანად ბიომრავალფეროვნებაზე. წყლის დეფიციტი, მისი ხარისხობრივი ცვლილება, კლიმატური ცვლილებები, ეუტროფიკაცია – ეს და წყალთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მნიშვნელოვან  საფრთხეს უქმნის სხვადასხვა ჰაბიტატებს და შედეგად განუხრელად მცირდება ამ ჰაბიტატებზე დამოკიდებული სახეობრივი მრავალფეროვნება.

კატასტროფები /კლიმატური ცვლილებები

ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეულიკატასტროფების მაგალითებია უხვი ნალექი, ღვარცოფები. ტყეების არარსებობის/დეგრადიდრების გამო ხდება მდინარის კალაპოტში ერთბაშად დიდი რაოდენობის წყლის აკუმულირება. საქართველოში საკმაოდ აქტიურად იყო გამოხატული ამგვარი კატასტროფები 2000-იანი წლების მეორე ნახევარში, რაც ტყეების განადგურების გამო ხდებოდა. 

გამოსავალი

გლობალური თანამშრომლობა

ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გააზრებაა, რომ პრობლემები ერთი თემის, ერთი ქალაქის ან თუნდაც ერთი სახელმწიფოს მასშტაბით ვერ გადაწყდება. საჭიროა გლობალური და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა. ერთი მხარის მიერ გაკეთებული და გამოსწორებული პრობლემა მეორე მხარემ არ უნდა გააფუჭოს კვლავ. 

ინდივიდიალური აქტივობა: დაზოგვა, დაბინძურების თავიდან აცილება

წყლის დაზოგვა და დაბინძურებისგან დაცვა ინდივიდუალური აქტივობებით არის შესაძლებელი, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ჩვევების შეცვლა, წყალდამზოგი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება, წყალგაყვანილობის მოწესრიგება და ა.შ. ასევე, შესაძლებელია რწყვის ტექნოლოგიების დახვეწა და სასოფლო-სამეურნეო ქიმიური საშუალებების რაციონალური და სათანადო გამოყენება. 

საკითხები, რომლებზეც შეგიძლიათ იმუშაოთ მოსწავლეებთან ერთად

მთავარია მოსწავლე დაფიქრდეს ამ საკითხებზე. გადაწყვეტას შეიძლება მიაგნოს კიდეც ან ვერც მიაგნოს, რადგან ზოგადი სიტუაცია საკმაოდ რთულია. მაგრამ ერთხელ მაინც თუ გვაქვს ნაფიქრი, გააზრებული, მომავალში ეს ჩვენს გადაწყვეტილებებზეც აისახება. ზოგიერთი საკითხი, რომელზეც შეგიძლიათ იმუშაოთ მოსწავლეებთან ერთად

  • ეკოსისტემური სერვისების გააზრება – ადამიანთა დამოკიდებულება ეკოსისტემურ სერვისებზე
  • წყლის უყაირათო ხარჯვის მაგალითები
  • წყლის დაბინძურების მაგალითები
  • რა შეგვიძლია გავაკეთოთ წყლის დაზოგვისათვის? დაბინძურებისგან დაცვისთვის?
უკან:წყლის რესურსების მდგრადი მართვის სწავლება – კურსი მასწავლებლებისთვის > ციკლი 4: სიცოცხლე წყალში და წყალი ეკოლოგიაში