კურსის ეს ნაწილი ყველაზე გრძელვადიანია და ეთმობა თქვენ მიერ სასწავლო აქტივობის საკუთარ კლასში განხორციელებას. ვიდეო ანიმაციების და/ან ბროშურების გამოყენებით დაგეგმეთ სასწავლო პროექტი ან კომპლექსური დავალება და განახორციელეთ იგი კლასთან. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით ამ კურსის შემდეგ გაკვეთილზე, სადაც უნდა შეავსოთ თვით-რეფლექსიის კითვარი.
წყლის რაციონალური გამოყენების თემაზე სანიმუშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დავალებები.
დავალება III-V კლასებისთვის
- ეცადე მოიფიქრო ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის დაზოგვის სხვა ხერხები.
- შენ მიერ მოფიქრებული ხერხები გაუზიარე მეგობრებს.
- იმსჯელე წყლის დაზოგვის საშუალებების შესახებ ოჯახში მშობლებთან, სკოლაში – მასწავლებელსა და თანაკლასელებთან ერთად.
დავალება VI-VIII კლასებისთვის
- მასწავლებელთან ერთად გაეცანი ქვემოთ მოცემულ ბმულზე წარმოდგენილ ინფორმაციას.
- გამოთვალე შენი წყლის ანაბეჭდი.
- შენი წყლის ანაბეჭდის საფუძველზე განსაზღვრე, როგორ შეიძლება შემცირდეს შენ მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობა.
- შეარჩიე შენი საყვარელი პროდუქტები და მოამზადე პრეზენტაცია მათი წყლის ანაბეჭდის შესახებ.
დავალება IX-XI კლასებისთვის
- ინტერნეტით მოიძიეთ ინფორმაცია არალის ზღვის კატასტროფის შესახებ, მეგობრებთან ერთად განიხილეთ ამ ზღვის დეგრადაციის მიზეზები და შედეგები. კლასში შექმენით პლაკატი ან საინფორმაციო გრაფიკული გამოსახულება (პრეზენტაცია / ინფოგრაფიკი) არალის ზღვის პრობლემებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე.
- კლასში / მეგობრების წრეში მოაწყვეთ დისკუსია წყლის დაზოგვის შესაძლებლობების (მათ შორის, ტექნოლოგიების) შესახებ სოფლის მეურნეობაში, საყოფაცხოვრებო სფეროში, მრეწველობაში. გაიაზრეთ, რა ძირითადი მიზეზები უშლის ხელს ამ შესაძლებლობის გამოყენებას.